უმაღლესი განათლების მობილობის პროგრამების მომავლის ფორმირება, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით
Erasmus+ პროგრამა კვლავ წარმოადგენს უმაღლესი განათლების მობილობისა და საერთაშორისო პარტნიორობის ტრანსფორმაციულ მექანიზმს, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართულობით, თანამშრომლობითი კვლევისა და ინსტიტუციური პარტნიორობის ხელშეწყობით, Erasmus+ საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებს, გააფართოვონ თავიანთი გლობალური პარტნიორობები და ამავდროულად ხელი შეუწყონ ინოვაციასა და ინკლუზიურობას. Erasmus+ პროგრამის სტრატეგიული დიზაინი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იძლევა ორიენტირს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სტრუქტურულად გამართულ მობილობის პროგრამებსა და თანამშრომლობით ნაბიჯებს, გააძლიეროს აკადემიური ხარისხი და საერთაშორისო თანამშრომლობა.
Erasmus+ პროგრამის სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის უახლესი ვერსია, რომელიც 16 ივლისს იქნა მიღებული, თანამშრომლობისა და ბიუჯეტის განაწილების მკაფიო პრიორიტეტებს მოიცავს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული თანამშრომლობით, მათ შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპა მოდის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა STEM სფეროებში მობილობას, რაც ასახავს მაღალ გლობალურ მოთხოვნას მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებზე. საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM) სქემა საშუალებას იძლევა, დაფინანსების 20% დაიხარჯოს ე.წ მესამე ქვეყნებზე, რომლებიც პროგრამასთან ოფიციალურად არ არიან ასოცირებული. ამ შემთხვევაში დამატებითი დაფინანსება ხელმისაწვდომია ასეთი თანამშრომლობისგან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი სარგებლის გამო.
Erasmus+ ასევე ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას მესამე ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან. აღნიშნულის ფარგლებში, საინტერესო სიახლეა, რომ იგეგმება დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის ხელახალი ასოცირება პროგრამასთან 2027 წლის ნოემბრისთვის. Erasmus+ ნერგავს ნაწილობრივი ასოცირების კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება მოსამზადებელი წინაპირობები Erasmus+ ეროვნული ოფისების მოდელის ეროვნული სააგენტოების (NA) ფორმატზე გადასვლისთვის. ხსენებული კონცეფცია აძლიერებს პოლიტიკურ და ინსტიტუციურ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. მობილობასთან ერთად, პროგრამა მხარს უჭერს ვიზების სტრატეგიების გამარტივებასა და თანმიმდევრული მონიტორინგის სისტემების შექმნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს “ევროპის საბჭოს” რეკომენდაციებთან შესაბამისობა, გაუმჯობესდეს გამჭვირვალობა და შეფასების ხარისხი.
“ევროპის უნივერსიტეტის ქარტია” წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მაღალ სტანდარტებს აწესებს უნივერსიტეტებს შორის მობილობისა და თანამშრომლობისთვის. თუმცა, მისი დანერგვა გამოწვევებს ქმნის როგორც ინსტიტუტებისთვის, ისე ევროკომისიისთვის. მიუხედავად ამისა, Erasmus+ აჩვენებს, რომ კარგად სტრუქტურირებული პროგრამები საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებს განვითარდნენ საერთაშორისო ქსელებში, გააზიარონ ცოდნა, და იქონიონ მდგარდი გავლენა ინსტიტუტებსა და სტუდენტებზე.
