პუბლიკაცია – გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო დონეზე – შესაძლებლობები და გამოწვევები

შესავალი

ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო მეტად ცვლის ჩვენი ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის სტილს. განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მომავლის კონცეფცია, ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იღებენ სტუდენტები განათლებას, როგორ ასწავლიან პედაგოგები და როგორ მართავენ ინსტიტუტები საგანმანათლებლო პროცესებს. ადაპტაციური სასწავლო პლატფორმებიდან და ავტომატური შეფასების სისტემებიდან დაწყებული, ვირტუალური რეპეტიტორებითა და სასწავლო მასალასთან დაკავშირებული პერსონალური რეკომენდაციებით დამთავრებული, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ქმნის შესაძლებლობას, რომ განათლება გახდეს უფრო ეფექტური, ინკლუზიური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.


ხელოვნური ინტელექტის განათლებაზე გავლენის განხილვა დღესდღეობით აქტუალურია რადგან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები დიდ გავლენას ახდენს როგორც სწავლების პროცესზე, ისე განათლების ხარისხსა და შედეგებზე. ამ მიზეზის გამო, ხელოვნური ინტელექტი საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. ხელოვნური ინტელექტის გავლენის ზრდასთან ერთად ჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვები ეთიკის, თანასწორობისა და სამუშაოების მომავლის შესახებ. გარდა ამისა, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნარები დასჭირდებათ სტუდენტებს იმ სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გარდაუვალია. ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების გაცნობიერება თანაბრად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტების, პოლიტიკის შემმუშავებლებისა და სტუდენტებისთვის, რათა მოხერხდეს ხელოვნური ინტელექტის იმგვარი გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესებს, ადამიანზე ორიენტირებული სასწავლო ღირებულებების, კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიულობის უკანა ფლანგზე გადატანის გარეშე.

როდის დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?
ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანია ინტერესს აღძრავს როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო წრეებში. ხელოვნური ინტელექტის ოფიციალური გამოყენება 1955 წელს დაიწყო, როცა მკვლევრების პატარა ჯგუფმა ჩაატარა საზაფხულო კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეძლოთ მანქანებს ენის გამოყენება, აბსტრაქტული ცნებების ფორმირება, ადამიანური ტიპის პრობლემების გადაჭრა და თვითგაუმჯობესება. ხელოვნური ინტელექტი ყველა სექტორში თეორიული ჩარჩოდან ტრანსფორმაციული ძალის მქონე მექანიზმად გადაიქცა მათ შორის, ასე მოხდა უმაღლეს განათლებაშიც.


პროექტი, დასახელებით ‘’Perceptron’’, რომელიც 1958 წელს შეიქმნა, იყო პირველი ნეირონული ქსელის მოდელი, რომელსაც შეეძლო მონაცემების დამუშავება და მათგან სწავლა – ეს იყო პროგრამაში ადამიანის ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების მეთოდის იმიტირების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. 1966 წელს ‘’ELIZA’’-მ შეძლო ფსიქოთერაპევთან ადამიანის მსგავსი დიალოგის წარმართვა. ათწლეულების შემდეგ, 2016 წელს, ‘’AlphaGo’’-ს ისტორიულმა გამარჯვებამ Go-ს მსოფლიო ჩემპიონ ლი სიდოლზე, წარმოაჩინა ხელოვნური ინტელექტის მხრიდან საკითხების საფუძვლიანი შესწავლისა და სტრატეგიული ხედვის გამოყენების უდიდესი პოტენციალი. დღესდღეობით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მექანიზმებმა, როგორიცაა ChatGPT, ყოველდღიურობად აქცია ტექნოლოგიური ინტელექტის გამოყენება მკვლევრების, პედაგოგებისა და სტუდენტების ცხოვრებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Untitled-design

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში: სტუდენტების გამოცდილება
სტუდენტების მოსაზრებების კვლევები სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გავლენასთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ იგი მნიშვნელოვნად მოქმედებს კარიერის დაგეგმვისა და სწავლის პროცესზე. მრავალი სტუდენტი უსვამს ხაზს იმას, რომ უნივერსიტეტებში არ ისწავლება სამუშაო ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭირო უნარები. სტუდენტები მოითხოვენ მეტ უფლებამოსილებას სასწავლო პროცესის ადგილმდებარეობის, შინაარსისა და სწავლების მეთოდების განსაზღვრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხაზს უსვამენ იმას, რომ საჭიროა ახალი შეფასების მექანიზმების შემუშავებაც, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ხსენებული საჭიროებები. სტუდენტები უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს თავიანთი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. თუმცა ხაზს უსვამენ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ შემდეგ პრობლემებს: ეთიკური გამოყენების დილემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ზედმეტად დამოკიდებულების რისკს, რაც შეიძლება ცუდად აისახოს კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარებზე.


მიუხედავად ხსენებული პრობლემებისა, სტუდენტები დადებითად უყურებენ ხელოვნური ინტელექტის როლს საგანმანათლებლო პროცესში და მიიჩნევენ, რომ არსებობს პოტენციალი, სწავლება გახდეს უფრო პერსონალიზებული, ინკლუზიური და გაუმჯობესდეს ჩართულობა. კვლევამ, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის 173 სტუდენტს მოიცავდა, გამოკვეთა მკაფიო ტრენდი: ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ სასწავლო პროცესს ცვლის, არამედ სტუდენტების კარიერულ მისწრაფებებზეც ახდენს გავლენას. მაგალითისთვის, Jisc/Prospects-ს გამოკითხვის რესპოდენტების 10%-მა შეიცვალა კარიერული გეგმები ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ხსენებული ცვლილება დაკავშირებულია წუხილთან, რომ გარკვეული სამსახურეობრივი როლები ხელოვნებაში, თარგმნაში და წერაში, შესაძლოა გაქრეს ან ფუნდამენტურად შეიცვალოს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გავლენის გამო.

Untitled-design-2-1
Untitled-design-3

ძირითადი გამოწვევები საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებული პირებისთვის
საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებული პერსონალის დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ ძირითადად ემთხვევა სტუდენტების მოლოდინებსა და წუხილებს, თუმცა აქ ასევე იკვეთება მრავალი გამოწვევა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აკადემიურ პრაქტიკაში დანერგვას ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა უნივერსიტეტმა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკისა და ეთიკური ჩარჩოების დანერგვა სასწავლო პროცესში, ლექტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს პოლიტიკები ხშირად თეორიულ ჩარჩოს არ სცდება, არასათანადოდ არის კომუნიცირებული, არათანმიმდევრულად ინერგება და ყოველდღიურ სასწავლო რეალობას მოწყვეტილია. ფაკულტეტის პერსონალს უჩნდება კითხვები მიკერძოებულობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის საკითხებზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მექანიზმები შეფასების, სასწავლო მასალის შექმნისა და კვლევის სამუშაო პროცესებში ინერგება. ხსენებული ეთიკური გამოწვევები სცდება ტექნიკური პრობლემების ჩარჩოებს და ეხება ზოგადაკადემიური პროცესის სამართლიანობის სტანდარტებსა და სტუდენტების ნაშრომების ორიგინალურობის დადგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ამავდროულად, უფრო და უფრო მეტი თანამშრომელი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პრაქტიკული, კრეატიული გზებით: ადმინისტრაციული ვალდებულებების გასამარტივებლად, სასწავლო მასალების შესაქმნელად, პერსონალიზებული უკუკავშირისთვის, ან სტუდენტთა ჩართულობის ახალი ფორმების მოსაფიქრებლად. ბევრისთვის ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენელი მომავლის ექსპერიმენტიდან, პედაგოგიური პროცესების განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც ტექნოლოგიებით მართულ სამყაროში სწავლების, შეფასებისა და შთაგონების პროცესებზე მეტი დაფიქრებისთვის წამახალისებელი ფაქტორია. შემოქმედებითი და ციფრული დისციპლინების პედაგოგები განსაკუთრებით ხმამაღლა საუბრობენ ამ ტრანსფორმაციაზე, რადგან ისინი ხედავენ, თუ როგორ იცვლება საზღვრები ადამიანის შემოქმედებითობასა და მანქანების შესაძლებლობებს შორის.


სხვადასხვა უნივერსიტეტის 200 თანამშრომელთან ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ისინი ხედავენ ხელოვნურ ინტელექტს არა როგორც საფრთხეს აკადემიური პროცესების წარმართვისას, არამედ მნიშვნელოვან კატალიზატორს პროფესიული გაუმჯობესებისთვის. ხელოვნური ინტელექტი აიძულებს დასაქმებულებს ხელახლა განსაზღვრონ თავიანთი როლები, არა როგორც მხოლოდ ცოდნის გადამცემებმა, არამედ კრიტიკული აზროვნების, ეთიკური სტანდარტებისა და ტექნოლოგიური განსწავლულობის წამახალისებლებმა. ამ კონტექსტში, ხელოვნური ინტელექტი ხდება სარკე, რომელიც ასახავს როგორც თანამედროვე განათლების ხარვეზებს, ასევე პოტენციალს და მოუწოდებს ინსტიტუტებს, პოლიტიკური განცხადებებიდან ნამდვილ, რეალურ ინტეგრაციაზე გადავიდნენ.

მთავრობების როლი
მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად იწყებენ ხელოვნური ინტელექტის ხელახლა გადააზრებას. ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილი. აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2025 წლის ივლისში შემუშავდა, განსაზღვრავს ყოვლისმომცველ ჩარჩოს ინოვაციის ხელშეწყობის მიზნით, თუმცა ამავდროულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ანგარიშვალდებულებასა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში საზოგადოების ნდობის ამაღლებას. ის ფოკუსირდება კვლევითი დაფინანსების გაზრდაზე, ეთიკური სტანდარტების განვითარებასა და სამუშაო ძალის გადამზადებაზე, რათა ისინი ჩაერთნონ ხელოვნური ინტელექტის მიერ მართულ ეკონომიკაში.

ანალოგიურად, დიდი ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ინდუსტრიებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესის დაჩქარებას, პროდუქტიულობის გაზრდას, მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნასა და ყოველდღიური საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, ჯანდაცვიდან და განათლებიდან დაწყებული ტრანსპორტითა და უსაფრთხოებით დამთავრებული. ინოვაციების გარდა, ორივე ქვეყანა ხაზს უსვამს „მდგრადი ხელოვნური ინტელექტის“ იდეას და აღიარებს, რომ ნამდვილმა პროგრესმა უნდა დააბალანსოს ეკონომიკური ზრდა სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასთან. გაეროს ხელოვნური ინტელექტის რეზოლუციის პროექტთან და მდგრადი განვითარების 17 მიზანთან (SDG) შესაბამისობაში მოყვანით, დიდი ბრიტანეთი ხაზს უსვამს თავის ერთგულებას ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნის მიმართ, რომლებიც არა მხოლოდ ძლიერი და ეფექტური, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება. მდგრადობის ეს უფრო ფართო ხედვა გვახსენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მომავალი არ არის მხოლოდ უფრო ჭკვიანი მანქანები, არამედ ისეთი ტექნოლოგიების შექმნაა, რომლებიც კაცობრიობას სამართლიანი, ეთიკური და მდგრადი გზით ემსახურება.

Untitled-design-4

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ სამუშაო ძალას?

ხელოვნური ინტელექტის განვითარებადი ლანდშაფტი უმაღლესი განათლების სექტორს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დებატში იწვევს, რომ :”ხელოვნური ინტელექტი ვერ წაგართმევს სამუშაოს, თუმცა ვიღაც, ვინც იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ის, გააკეთებს ამას.” ხსენებული მოსაზრება გამოხატავს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და შიშებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანური ექსპერტიზის სრული ჩანაცვლება, ის ხელახლა განსაზღვრავს თუ რა არის ექსპერტიზა ზოგადად და როგორ ფასდება იგი. ხელოვნური ინტელექტის სისტემების ეფექტური გამოყენება ფუნდამენტური პროფესიული უნარი ხდება, რომელიც თავისი მნიშვნელობით იმგვარადაა დაფასებული, როგორც  წინა ათწლეულებში ციფრული უნარები და კრიტიკული აზროვნება იყო. დამსაქმებლები უფრო და უფრო ხშირად ელიან კურსდამთავრებულებისგან არა მხოლოდ თავიანთი სპეციალობის ცოდნას, არამედ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმების გამოყენებას მონაცემთა ანალიზის, პროცესების ავტომატიზების, იდეების გენერირებისა და კომპლექსური პრობლემების კრეატიულად გადაჭრის საკითხებში. 

სტუდენტებისთვის ეს ცვლილება მოითხოვს იმის ხელახლა გადააზრებას, თუ რას ნიშნავს იყო „კვალიფიციური“. მხოლოდ ტექნიკური კომპეტენცია აღარ არის საკმარისი, ადაპტირება, ეთიკური მსჯელობა და ხელოვნური ინტელექტის შედეგების ინტერპრეტაციისა და გამოყენების უნარი, თანაბრად მნიშვნელოვანი გახდა. პედაგოგებისთვის გამოწვევა იმ სასწავლო გეგმების შემუშავებაში მდგომარეობს, რომლებიც ამ ჰიბრიდულ შესაძლებლობებს განავითარებს უმაღლესი განათლების განმსაზღვრელი დისციპლინური ცოდნის ხარისხის გაუარესების გარეშე. ამჟამად, უნივერსიტეტებს მოეთხოვებათ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ტექნოლოგია და ადამიანური ხედვა თანაარსებობს, რაც უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესში გამოყენება, ისე მისი კრიტიკა. 

საბოლოო ჯამში, ხსენებული კრიტიკა მიზნად არ ისახავს კონკურენციას ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის, არამედ ეძებს თანამშრომლობის საუკეთესო გზას. ისინი, ვინც სწავლობენ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით და სტრატეგიულად გამოყენებას, შეძლებენ თავიანთი კრეატიულობის, ეფექტურობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერებას. უმაღლესი განათლების წინაშე დგას ამოცანა, მოამზადოს ინდივიდები ამ რეალობისთვის და აღჭურვოს ისინი ლიდერობისთვის საჭირო უნარებით ისეთ სამყაროში, სადაც ადამიანური განსჯა და ტექნოლოგიური ინტელექტი აღარ არის ცალკეული სფეროები, არამედ ურთიერთშემავსებელი ძალები, რომლებიც ქმნიან სამუშაოსა და სასწავლო სისტემების მომავალს.

როგორც გოტენბურგის უნივერსიტეტის შემთხვევის შესწავლა (case study) აჩვენებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებები ორმაგი გამოწვევის წინაშე დგანან – სტუდენტების აღჭურვა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებისთვის, მაგრამ ამავდროულად იმის უზრუნველყოფა, რომ ფუნდამენტური აკადემიური უნარები კვლავ ცენტრალურ ადგილს იკავებს სტუდენტისთვის. შეფასების პრაქტიკა, სასწავლო გეგმები და სწავლების მეთოდები უნდა განვითარდეს არა ექსპერტიზის ტექნოლოგიით ჩანაცვლებით, არამედ ხელოვნური ინტელექტის იმგვარად ინტეგრირებით, რომ გაუმჯობესდეს სწავლის პროცესი და გახდეს ის უფრო ინოვაციური. ამით უნივერსიტეტებს შეუძლიათ მოამზადონ კურსდამთავრებულები, რომლებიც არა მხოლოდ შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, არამედ მედეგი , კრიტიკულად მოაზროვნეები არიან, რომლებიც მზად არიან ნავიგაციისთვის სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური და ადამიანური ინტელექტი ერთმანეთს ერწყმის.

Untitled-design-5

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ისტორია უმაღლესი განათლების სივრცეში არის როგორც შესაძლებლობების, ასევე პასუხისმგებლობის ისტორია. ხსენებული ნარატივი ფორმირდება სტუდენტების მიერ, რომლებიც ისწრაფვიან აქტიური ჩართულობისა და რელევანტურობისკენ, თანამშრომლების მიერ, რომლებიც პრაგმატულობას აბალანსებენ ეთიკურ გამოწვევებთან და ხელისუფლებების მიერ, რომლებიც ქმნიან სტრუქტურებს მდგარდი ადაპტაციისთვის. საკითხის კომპლექსურობის სათანადო შეფასებით, უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ რომ ხელოვნური ინტელექტი სწავლის პროცესის ხელშემწყობი მექანიზმი გახდეს, სტუდენტების კარიერულ გადაწყვეტილებებზე დადებითი გავლენა იქონიოს და გააძლიეროს ადამიანური შესაძლებლობები, რომლებიც განათლების უმთავრეს ბირთვად რჩება.