“შესაძლებლობების გაძლიერება სპორტის სექტორში” საქართველოს შედეგები 2025

{19.09.2025}

“შესაძლებლობების გაძლიერება სპორტის მიმართულებით” (CB Sport) საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებია. CB Sport დაფუძნებულია სპორტის სფეროში აქტიურ ორგანიზაციებს შორის მრავალმხრივი პარტნიორობის იდეაზე, პროგრამის ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან პროგრამასთან ასოცირებული, კონკრეტულად ქვეყნები რეგიონებიდან 1 (დასავლეთ ბალკანეთი) და 2 (აღმოსავლეთ სამეზობლო).

CB Sport პროექტები მიზნად ისახავს სპორტული აქტივობებისა და პოლიტიკის მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტები, როგორც ღირებულებების პოპულარიზაციის საშუალება და  საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, ხელს უწყობს ინდივიდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას და ინტეგრირებული საზოგადოების შექმნას პროგრამასთან არ ასოცირებულ მესამე ქვეყნებში. CB Sport პროექტების საგრანტო ღირებულება 100,000–დან 200,000 ევრომდეა.

საქართველოს მონაწილეობა CB Sport-ში წლების მიხედვით 

“შესაძლებლობების გაძლიერება სპორტის მიმართულებით” პროგრამის ფარგლებში 2021-დან 2024 წლამდე საქართველოდან არც ერთი პროექტი არ ყოფილა შერჩეული. თუმცა, 2025 წელს საქართველომ თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, ამ წელს საქართველოს მონაწილეობით სამი პროექტი იქნა შერჩეული, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოდან ხუთი ორგანიზაცია იღებს. ამ პროექტებიდან ორ პროექტში საქართველო პარტნიორის რომელშია, ხოლო ერთში კოორდინატორის. ზემოხსენებული მონაცემები, სპორტის სფეროში, საერთაშორისო თანამშრომლობაში საქართველოს როლის ზრდაზე მიუთითებს (ცხრილი 1, გრაფიკი 1).

ცხრილი 1 – საქართველოს მონაწილეობა CB Sport-ში წლების მიხედვით

გრაფიკი 1 – საქართველოს მონაწილეობა CB Sport-ში წლების მიხედვით

2025 წელს CB Sport პროგრამაში შერჩეულ პროექტებში მონაწილე ქართული ორგანიზაციების სია:

როლი – კოორდინატორი 

  • სპორტი განვითარებისთვის – საქართველო

როლი – პარტნიორი

  • სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  • საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია
  • საქართველოს ორიენტირების კლუბი (Georgian Association of Orienteering and Rogaining)
  • საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

შერჩეული პროექტების აღწერა:

Social Act plus: Cycling for Inclusion and Wellbeing:  პროექტი ეხება სპორტის სექტორში ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა სოციალურ ინკლუზია, გარემოსდაცვითი მდგრადობა და აქტიური მობილობა. მისი მთავარი მიზანია ველოსიპედით გადაადგილების, როგორც ტრანსპორტირების მდგრადი ფორმისა და ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ინსტრუმენტის პოპულარიზაცია. მარგინალიზებულ ჯგუფებზე (როგორებიცაა: ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მიგრანტები და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი პირები) ფოკუსირებით პროექტი მიზნად ისახავს იმ ბარიერების დანგრევას, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობით, შეზღუდული ცნობიერებითა და ფინანსური შეზღუდვებით არის გამოწვეული. 

Good Governance Game: პროექტი ევროპული ჰოკეის საზოგადოებაში კარგი მმართველობის პრინციპების ხელშეწყობაზე ფოკუსირებულია. “Good Governance Game” თავდაპირველად საპილოტე პროექტად შეიქმნა, კონკრეტულად, საქართველოსთვის და სომხეთისთვის, თუმცა საბოლოო მიზანი პროექტის გაფართოება და ევროპულ ქვეყნებში გატანაა. თამაშში ინტეგრირებული ღირებულებებით, როგორიცაა გამჭვირვალობა, გუნდური მუშაობა, სამართლიანობა, ჩართულობა და პატივისცემა, პროექტის მიზნად ისახავს სპორტის სექტორში კეთილსინდისიერებისა და თანამშრომლობის კულტურის ხელის შეწყობას.

Capacity Building for Orienteering Development in Georgia: პროექტის მიზანი ტრენინგების, ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესების გზით საქართველოში ორიენტაციის განვითარება და ხელშეწყობაა. ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლის პროგრამებში ორიენტაციის ინტეგრირებას, 15-20 ეროვნული ტრენერისა და ფიზკულტურის მასწავლებლის მომზადებასა და ახალი ორიენტაციის კლუბის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება 10 ახლად შექმნილი რუკით და საჭირო აღჭურვილობით. თურქეთთან პარტნიორობით, პროექტის განმავლობაში ორგანიზებული იქნება ერთობლივი ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსები და სასწავლო ვიზიტები შვედეთში. უწყვეტი განათლების მხარდასაჭერად და პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ასევე, შეიქმნება ციფრული პლატფორმა. ინფრასტრუქტურის გაფართოებით, ტრენერების სერტიფიცირებითა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობით, პროექტი მიზნად ისახავს ორიენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საქართველოში და მის გარეთ, მთელ რეგიონში.

 

აღმოსავლეთის სამეზობლო სპორტში 2025 წლის სტატისტიკა

2025 წელს, CB Sport პროგრამაში აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონიდან რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს. რეგიონის ქვეყნებში უკრაინა ლიდერობს ოთხი პროექტით, საიდანაც 2 პროექტში უკრაინისა პარტნიორის როლითაა ჩართული, ორში კი კოორდინატორის. სომხეთი 3 პროექტში იღებს მონაწილეობას, სამივეში პარტნიორის როლით. რაც შეეხება საქართველოს, ის სამ შერჩეულ პროექტში იღებს მონაწილეობას, აქედან ორ პროექტში პარტნიორის, ხოლო ერთში კოორდინატორის როლით. 2025 წელს მოლდოვა და აზერბაიჯანი ვერ მოხვდნენ შერჩეული პროექტების სიაში.  2025 წლის მონაცემები ხაზს უსვამს უკრაინის წამყვან როლს და საქართველოსა და სომხეთის მზარდ ჩართულობას საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში სპორტის სექტორში (გრაფიკი 2).

გრაფიკი 2 – აღმოსავლეთის სამეზობლო სპორტში 2025 წლის სტატისტიკა