შავი ზღვისა და ბალკანეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში
{09.09.2025}
Erasmus+ პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის ფლაგმანურ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს განათლებას, ტრენინგებს, ახალგაზრდობასა და სპორტს მთელს ევროპაში. 26.2 მილიარდი ევროს ოდენობის მიმდინარე ბიუჯეტით, Erasmus+ მიზნად ისახავს სოციალური ინკლუზიის, ციფრული და მწვანე გარდამავალი ტექნოლოგიების ხელშეწყობას და ახალგაზრდების დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას. აღნიშნული პუბლიკაცია მიმოიხილავს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, შავი ზღვის რეგიონსა და ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე, მათ ბენეფიციარებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მაგალითებსა და შესაძლებლობებს.
Erasmus+ შექმნილია ევროპის მასშტაბით განათლების, ტრენინგებისა და ახალგაზრდული სისტემების მოდერნიზებისა და გაუმჯობესებისთვის. მისი ძირითადი აქტივობები მოიცავს:
- სასწავლო მობილობას – სტუდენტების, სტაჟიორების, მასწავლებლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის, ტრენინგის ან გამოცდილების მისაღებად.
- ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას – საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნესებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა.
- პოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა – მოდერნიზაციისა და ინოვაციების წახალისება განათლებაში, ტრენინგებსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში.
აღნიშნული პუბლიკაცია ასახავს 2025 წლის აგვისტოში, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული კონფერენციის მიგნებებსა და შედეგებს, რომელმაც ამ რეგიონების წარმომადგენლები შეკრიბა თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახალი, 2027 წლიდან დაგეგმილი, Erasmus+ სამომავლო ინიციატივების კურსის დასახვისთვის, რომელიც ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას გლობალური გამოწვევების გადაჭრისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
კონფერენციის მიმოხილვა
მნიშვნელოვანი ტურბულენტობის წინაშე მდგარ გარემოში, Erasmus+ და ევროპული სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამები სასიცოცხლო ხიდების როლს ასრულებენ, რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის და არა მხოლოდ. 2025 წლის აგვისტოში, ბულგარეთში გამართულმა BSB-ის რეგიონულმა კონფერენციამ პლატფორმა შექმნა სამუშაო ჯგუფებისა და დისკუსიებისთვის, რომლებიც ფოკუსირებული იყო Erasmus+ / ESC პროგრამის მომავალ ციკლზე. ამ ინიციატივას უდიდესი პოტენციალი აქვს მონაწილე ქვეყნებსა და მათ ბენეფიციარებს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო აქტივობების გასაძლიერებლად.
ათი ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, სერბეთისა და უკრაინის Erasmus+ პროგრამის წარმომადგენლები შეიკრიბნენ საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ ევროკავშირის და მასთან ასოცირებული ქვეყნების Erasmus+ სააგენტოების, არამედ Erasmus+ ეროვნული ოფისების მონაწილეობის გამო, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ Erasmus+ პროექტების ეროვნულ დონეზე განხორციელებასა და ხელშეწყობაში.
ღონისძიება სტრატეგიულად იყო შემუშავებული Erasmus+ საზოგადოების უფრო ძლიერი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულ სააგენტოებსა (NAs) და ეროვნულ ოფისებს (NEOs) შორის თანამშრომლობის დამყარებისა და გაძლიერების, Erasmus+ ჩარჩოში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების გზების იდენტიფიცირების, წარმატებული, კარგად შესრულებული Erasmus+ პროექტებიდან ღირებული გაკვეთილების გამოტანისა და რეგიონებში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობითი ქსელის შექმნის პოტენციალის შესწავლის გზით.
ძირითადი მიმართვა და შესავალი სიტყვა
კონფერენცია ბულგარეთის სააგენტოს ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრის მმართველი დირექტორის და ბურგასის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მისასალმებელი სიტყვებით დაიწყო. მათ შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვეს საზოგადოებრივი კავშირებისა და საერთო იდენტობის გაძლიერების კრიტიკულ აუცილებლობას, ამ ორ განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში ერებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ხელშეწყობას. მათ დაადასტურეს მდგრადი ადამიანური ხიდების აგებისა და შენარჩუნების მნიშვნელობა მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავლის უზრუნველსაყოფად.
მონაწილე ქვეყნებში Erasmus+ პროგრამის სტატუსის შესახებ პრეზენტაციები
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მონაწილე ქვეყნებში Erasmus+ პროგრამის სტატუსის შესახებ პრეზენტაციები, მათ შორის, ზოგადი აქტივობების, პრიორიტეტებისა და სამაგალითო პრაქტიკების შესახებ, რომლის დროსაც გამოიკვეთა ეროვნული ოფისებისა და სააგენტოების პრიორიტეტები. აღნიშნული ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია Erasmus+ პროგრამაში მონაწილე ინსტიტუციებისთვის, რადგან არსებული ცოდნა ხელს უწყობს, Erasmus+ პრორგამის ფარგლებში, სწორად ჩამოყალიბდეს სააპლიკაციო განაცხადები და გაიზარდოს არამხოლოდ პროექტების დაფინანსების, არამედ მათ გავლენის მოხდენის ფაქტორები.
ეროვნული ოფისების (NEO-ების) ძირითადი პრიორიტეტები:
- ადგილობრივი ბენეფიციარებისა და ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა, Erasmus+-ის სხვადასხვა პროგრამების განხორციელების პროცესში.
- CBHE (უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გაძლიერება) – CBHE პროექტები შექმნილია უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზებისა და გაუმჯობესებისთვის სასწავლო გეგმების განახლებით, მენეჯმენტის გაუმჯობესებით და ფართო ეკონომიკურ და სოციალურ გარემოსთან თანამშრომლობის ხელშეწყობით. აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილნი იყვნენ სწრაფად ცვალებადი.
- ICM (საერთაშორისო კრედიტების მობილობა) – ICM ხელს უწყობს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას ევროპისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, რაც უზრუნველყოფს ღირებულ შესაძლებლობებს ინდივიდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად, უნარების გასაუმჯობესებლად და პროფესიული პერსპექტივების გასაფართოებლად.
- ჟან მონეს პროგრამა – ჟან მონეს აქტივობები მხარს უჭერს ევროკავშირის კვლევებთან დაკავშირებულ სწავლებას, კვლევას და პოლიტიკურ დებატებს. ჟან მონე ხელს უწყობს ევროპული ინტეგრაციის უფრო ღრმა გაგებას და ევროკავშირთან დაკავშირებულ აკადემიურ დისციპლინებში ცოდნის სრულყოფილებას.
- CBVET (შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლებისა და ტრეინინგების სფეროში) – CBVET პროექტები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაციას, პროფესიული განათლების პროგრამების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. პროფესიული განათლებისა და სწავლების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროექტები ზრდის მოსწავლეთა დასაქმების შესაძლებლობას და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
ეროვნული სააგენტოების (NAs) ძირითადი პრიორიტეტები
- ინკლუზია და მრავალფეროვნება – Erasmus+-ის შესაძლებლობებზე წვდომის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, იმის უზრუნველყოფად, რომ პროგრამამ სარგებელი მოუტანოს მონაწილეთა ფართო სპექტრს.
- ციფრული ტრანსფორმაცია – ციფრული უნარების გაძლიერება განათლების, ტრენინგისა და ახალგაზრდობის სექტორებში, ინდივიდების მომზადება ციფრული ეკონომიკისთვის.
- მწვანე Erasmus+ – გარემოსდაცვითი მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა, ისეთი პროექტების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკას და ზრდიან ცნობიერებას გარემოსდაცვით საკითხებზე.
- ახალგაზრდების ჩართულობა – ახალგაზრდების დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერება, მათი წახალისება საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში წვლილის შეტანისკენ.
- რეგიონული თანამშრომლობა – რეგიონის ქვეყნებს შორის ხიდების აგება, პარტნიორობისა და თანამშრომლობითი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ფოკუსირებულია საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე.
Erasmus+-ის მიერ დაფინანსებული პროექტების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები
კონფერენციაზე განხილული იყო, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორში დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ასახავდა მონაწილე ქვეყნების მრავალფეროვან საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.
- აზერბაიჯანში, ისეთმა პროექტებმა, როგორიცაა DIRNA და BE-OPEN, ხელი შეუწყვეს ღია მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობას, ხოლო ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა ENGAGE და BEAUCOUP, ხელი შეუწყვეს მეწარმეობას, მდგრადობას და ციფრულ ტრანსფორმაციას უმაღლეს განათლებაში.
- ბულგარეთის ACTIVE Youth პროექტმა ხელი შეუწყო ინკლუზიურობას, ციფრულ უნარებსა და საზოგადოებაში ჩართულობას სოფლად, ხოლო სხვა ინიციატივებმა განავითარა სამოქალაქო ღირებულებები და აამაღლა ცნობიერება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.
- საქართველომ ყურადღება გაამახვილა კვლევის ეთიკისა და პროფესიული მომზადების საკითხებზე ETHICS-ის მეშვეობით; ასევე, პროფესლიული განათლების მიმართულებით, მდგრადი განვითარების პრაქტიკის შესწავლასა და ხელშეწყობაზე, HABITABLE პროექტის მაგალითზე.
- კოსოვოს TKAEDITE-მ გააუმჯობესა მასწავლებელთა მომზადება ციფრული ინსტრუმენტებით, ხოლო STEFORA-მ ხელი შეუწყო STEM განათლებას ყველა სქესისთვის.
- მოლდოვამ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების თანამშრომლობასა და ახალგაზრდების მობილობაზე.
- მონტენეგროს CRED4TEACH-მა ხელი შეუწყო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას, რასაც დაემატა თანამშრომლობისა და ინკლუზიურობის მხარდამჭერი პროექტები.
- ჩრდილოეთ მაკედონიამ პრიორიტეტად მიანიჭა ახალგაზრდების დასაქმებას და გარემოსდაცვით მოქმედებებს.
- რუმინეთმა კლიმატის ცვლილებას ინოვაციური განათლების გზით გაუმკლავდა და ხელი შეუწყო ციფრულ კეთილდღეობას და სოციალურ ინკლუზიას.
- სერბეთმა ყურადღება გაამახვილა უმაღლეს განათლებაზე.
- უკრაინამ მხარი დაუჭირა ახალგაზრდების მობილობასა და მოხალისეობას.
დასკვნა
ევროპული პოლიტიკის განხორციელება განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გაერთიანებული საზოგადოებების განვითარებას. Erasmus+ პროგრამა, მდგრადი და ღია დიალოგის ხელშეწყობით, აუცილებელია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისთვის. კონფერენციამ არა მხოლოდ გამოკვეთა საერთო მიღწევები და მაჩვენებლები, არამედ, კიდევ ერთხელ, გააძლიერა ერთგულება პარტნიორობის გაღრმავებისა და შავი ზღვის რეგიონსა და ბალკანეთს შორის ძლიერი ხიდების აგების მიმართ. ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვითა და თითოეული მონაწილე ქვეყნის უნიკალური ძლიერი მხარეების გამოყენებით, Erasmus+ პროგრამა გზას უხსნის პერსპექტიულ და თანამშრომლობით მომავალს.
