Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ინსტიტუციური პროექტების დღგ-სგან გათავისუფლების პროცედურები

{21.01.2026}

დღგ-სგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ მიმდინარე ინსტიტუციურ Erasmus+ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება Erasmus+ გრანტის დაფინანსებით. დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროა გაიგზავნოს Erasmus+ ეროვნულ ოფისში ელ. ფოსტით ყოველი თვის 10 რიცხვამდე. მოთხოვნას უნდა დაერთოს შევსებული დღგ-სგან გათავისუფლების ფორმა და ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული  საგრანტო შეთანხმების ხელშეკრულება (ასევე შესაძლოა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი).

დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნა არ ვრცელდება:

  • ფიზიკურ პირებზე (მობილობის პროექტების მონაწილეები, სტუდენტები, ახალგაზრდები)
  • სხვა დონორების მიერ და/ან სხვა პროგრამების ფარგლებში გაცემულ გრანტებზე
  • Erasmus+ პროექტებზე, რომლებიც უკვე დასრულებულია
  • ICM მობილობის პროექტებზე

საჭირო დოკუმენტაცია 

თითოეული დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნისთვის საჭიროა წარდეგნილ იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული დღგ-სგან გათავისუფლების განაცხადის ფორმა (ჩამოტვირთეთ აქ);
  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული საგრანტო ხელშეკრულება (შესაძლოა იყოს იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი).  

მოთხოვნა, რომელიც შეიცავს არასრულ ინფორმაციას არ განიხილება, სანამ არ იქნება მოწოდებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

როგორ შევავსოთ დღგ-სგან გათავისუფლების ფორმა?

  • თუ კოორდინატორი ორგანიზაცია არ არის ქართული ინსტიტუცია, დღგ-სგან გათავისუფლების ფორმა უნდა წარადგინოს ერთმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ყველა ქართველი პარტნიორი ორგანიზაციისათვის. აუცილებელია, ფორმაში მითითებული იყოს ყველა ქართველი პარტნიორი ინსტიტუციის VAT ნომრები.
  • თუ კოორდინატორი ორგანიზაცია არის ქართული ინსტიტუცია: საქართველოდან წარმოდგენილმა კოორდინატორმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნა ყველა ქართველი პარტნიორის სახელით. აუცილებელია, ფორმაში მითითებული იყოს ყველა ქართველი პარტნიორი ინსტიტუციისა და კოორდინატორი ორგანიზაციის VAT ნომრები.

თითოეული გრაფის სრულად შევსება სავალდებულოა (განმცხადებელმა უნდა მიუთითოს თითოეული პროექტის პარტნიორის დასახელება და VAT ნომერი).

მოთხოვნის წარდგენის ვადა

  • დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნები უნდა წარედგინოს Erasmus+ ეროვნულ ოფისს საქართველოში  ყოველი თვის 10 რიცხვამდე;
  • 10 რიცხვის შემდეგ წარდგენილი მოთხოვნები დამუშავდება მომდევნო ციკლის მოთხოვნებთან ერთად.

წარდგენის მეთოდი
დღგ-სგან გათავისუფლების ყველა მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით Erasmus+ ეროვნული ოფისის მისამართზე: info@erasmus.org.ge

  • წერილის სათაურში საჭიროა მითითებული იყოს:
    VAT Exemption Request – [ინსტიტუციის დასახელება]

სხვა არხებით, მაგალითად, სოციალური ქსელებით და ა.შ, გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება.

ბენეფიციარები სრულად არიან პასუხისმგებელი წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სრულყოფილებაზე.

საბოლოო გადაწყვეტილება

დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნას განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, იღებს საქართველოს შემოსავლების სამსახური. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ევროკავშირის დელეგაცია უზრუნველყოფს აუცილებელი დოკუმენტაციის მიწოდებასა და პროცედურულ მხარდაჭერას, რათა მოხდეს მოთხოვნების დამუშავება შემოსავლების სამსახურის მიერ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადები შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თვე, დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურების გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში, Erasmus+ ეროვნული ოფისის ფუნქცია  შემოიფარგლება ბენეფიციარებისგან დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნების მიღებითა და სრულად შევსებული ფორმების შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემით; ოფისი არ ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღების ვადებსა და მის შედეგზე. აუცილებელია, ბენეფიციარებმა დაიცვან დღგ-სგან გათავისუფლების დადგენილი პროცედურა და დაელოდონ კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებას.