2025 წელს Erasmus+-ის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. პროგრამის საგანმანათლებლო სექტორებში განხორციელებული მრავალფეროვანი ინიციატივების მეშვეობით ინსტიტუტები, ორგანიზაციები და ინდივიდები საქართველოდან წელსაც აგრძელებენ საერთაშორისო თანამშრომლობას, უნარებისა გაუმჯობესებას და ცოდნის გაცვლას.
წლევანდელი სტატისტიკური შედეგები, როგორიცაა მიღწევები შესაძლებლობების გაძლიერების პროექტებში, Erasmus Mundus-ის სტიპენდიატების მზარდი რიცხვი და ქართული ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების აქტიური მონაწილეობა ახალგაზრდულ და VET ინიციატივებში, Erasmus+-ის პროგრამაში საქართველოს როლის ზრდას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების სფეროში (CBHE)
უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები არის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ინიციატივები, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე.
2025 წლის შედეგებით, საქართველო, CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ, ხუთ პროექტში ჩაერთო. მათ შორის, 3-ში კოორდინატორის როლში, ხოლო 2-ში კი პარტნიორის. პროექტები, რომლებშიც საქართველო პარტნიორის როლშია წარმოდგენილი რეგიონთაშორის (Cross Regional) ტიპის პროექტებს განეკუთვნება.
გრაფიკი 1: საქართველო CBHE პროექტებში
სრული ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://erasmus.org.ge/statistics-3/
შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლების და სწავლების მიმართულებით (CB VET)
CB VET Erasmus+-ის პროგრამაა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებში მხარს უჭერს პროფესიული განათლებისა და სწავლების სისტემების მოდერნიზაციას, ინტერნაციონალიზაციასა და ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოში CB VET-ს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, პროფესიული განათლების სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში და განათლებასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირის განმტკიცებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ აქვს CB VET პროექტების კოორდინირების უფლება, 2025 წელს საქართველო მონაწილეობას 4 CB VET პროექტში იღებს.
სრული ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://erasmus.org.ge/2025_cb_vet/
Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (EMJM)
Erasmus Mundus ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სტიპენდიის მოპოვებით, მიიღონ ერთობლივი სამაგისტრო ხარისხი და ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოდან Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (EMJM) სტიპენდიის მფლობელთა რაოდენობის რიცხვის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. 2025 წელს EMJM პროგრამაში საქართველოდან 29 სტუდენტი იქნა შერჩეული.
აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან 2025 წელს Erasmus Mundus-ის სტიპენდია სულ 90 სტუდენტს მიენიჭა. ამ ქვეყნებს შორის, 38 სტიპენდიატით უკრაინა ლიდერობს, უკრაინის შემდეგ კი საქართველო დგას, 29 სტიპენდიატით.
გრაფიკი 2 – EMJM სტიპენდიის მფლობელები საქართველოდან წლების განმავლობაში
სრული ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://erasmus.org.ge/emjm_2025/
ჟან მონეს პროექტები
ჟან მონეს აქტივობები Erasmus+-ის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ინიციატივა უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიოს გარშემო ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და ხელს უწყობს ევროკავშირის კვლევების სფეროში სწავლებას, სწავლასა და კვლევას, რაც ორგანიზაციის ისტორიას, მიზნებს, სტრუქტურებს, ფუნქციებსა და პოლიტიკას მოიცავს.
2014 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან წარდგენილი 81 ჟან მონეს განაცხადიდან 22 პროექტი შეირჩა, რაც ევროკავშირის კვლევებში საქართველოს მზარდ ჩართულობას ასახავს. მიმდინარე Erasmus+-ის პროგრამის ციკლში კი (2021–2027), საქართველომ უკვე მიაღწია 2014-2020 წლების მაჩვენებელს, 43 განაცხადიდან 22 პროექტი უკვე შერჩეულია. მიუხედავად წინა წლების შედეგებისა, 2025 წელს საქართველოდან არც ერთი პროექტი არ იქნა შერჩეული. ამ ეტაპზე, ასევე, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ჟან მონეს განაცხადი იქნა სულ საქართველოდან წარდგენილი 2025 წელს.
გრაფიკი 3 – ჟან მონეს პროექტები წლების მიხედვით (საქართველოდან)
სრული ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://erasmus.org.ge/jean_monnet_statistics_2025/
შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მიმართულებით (CB Youth)
ახალგაზრდობის სფეროში Erasmus+-ის პროექტების მიზანი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაა. ახალგაზრდულ სექტორში Erasmus+-ის პროექტები ხელს უწყობს პარტნიორობას, ცოდნის გაცვლას, ინოვაციური პრაქტიკების მეშვეობით ახალგაზრდების გაძლიერებას, უნარების განვითარებას და ახალგაზრდების სამოქალაქო საკითხებში აქტიურ ჩართულობას.
2025 წელს საქართველო შვიდ CB Youth პროექტში იღებს მონაწილეობას. ექვს პროექტში ქართული ორგანიზაციები პარტნიორის როლით მონაწილეობენ, ერთ პროექტს კი კოორდინირებას ქართული ორგანიზაცია უწევს.
გრაფიკი 4– საქართველოს მონაწილეობა CB Youth პროექტებში წლების განმავლობაში
სრული ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://erasmus.org.ge/cb_youth_2025/
2025 წელს, Erasmus+-ის პროგრამაში საქართველოს აქტიურმა მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება საერთაშორისო თანამშრომლობის, განათლების განვითარებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით.
